„ჯორჯიან მანგანეზმა“ კომპანიაში სრული რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაცია შეეხება როგორც მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს, ისე მენეჯერებსა და კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ამის შესახებ დღეს თბილისში, კომპანიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომელსაც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გია ცაგარეიშვილიც ესწრებოდა. მათი განცხადებით, რეორგანიზაციის გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის ფორმატის ფარგლებშია მიღებული, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მეთვალყურეობს და მასში კომპანიასთან ერთად, პროფკავშირებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის საწარმოებს ახალი მენეჯერი, მიხეილ საოცკი ეყოლება, რომლის მიზანიც ამ პროცესების სათავეში ჩადგომაა, მათ შორის წლის ბოლომდე მაღაროების სრული დატვირთვით ამუშავება. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ის სამ ეტაპად წარიმართება. ყველამ, ვისაც სურვილი აქვს „ჯორჯიან მანგანეზში“ იმუშაოს, დასაქმების შესახებ განაცხადი თავიდან უნდა შეიტანოს, მეორე ეტაპზე, მასთან ჩატარდება გასაუბრება და აპლიკანტს საკუთარი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთს მოსთხოვენ, მესამე ეტაპზე კი, ის უკვე სასურველ შტატზე დასაქმდება.