ჩინეთის მზარდი გავლენების გამო შეშფოთება და წუხილი იკითხება აქტში, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკის კონგრესში მიიღეს.
„კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ – ასეა დასათაურებული დოკუმენტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა და ახლა მხარდაჭერას სენატისგან ელის. აქტის ავტორი საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პროჩინური და პროირანული ინტერესების გატარებაში ხშირად ადანაშაულებს. წინა კვირას მსგავსი ბრალდებებით იყო სავსე ის შეკითხვაც, რომელიც კონგრესმენმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს დაუსვა. ბრალდებების ხაზი უცვლელია – უილსონის მთავარი გზავნილია, რომ „ქართული ოცნება“ სამხრეთ კავკასიაში ტრამპის პოლიტიკას საფრთხეს უქმნის. ამიტომ ახლად დამტკიცებული აქტის ავტორები სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან დაკავშირებით დავალებებს აძლევენ. რუსეთთან ერთად ჩინეთის და ირანის გავლენები იყო აქცენტირებული უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ კიდევ ერთ დოკუმენტში – მეგობარ აქტში, რომელიც ერთი წლის წინ ჩავარდა.
რა ბედი ელის ახალ დოკუმენტს და როგორ აისახება მძიმე ბრალდებებით სავსე აქტი საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესზე – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.