რა გზავნილი მიიღო თბილისმა ოფიციალური ვაშინგტონისგან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებას პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვანაირად კითხულობენ. ეს იყო საქართველოს შესახებ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის პირველი კომენტარი. რუბიომ იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეულმა და „მეგობარი აქტის“ ავტორმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა დასვა. შეკითხვის დროს უილსონმა საქართველოს მმართველი პარტია ანტიამერიკულ ძალად მოიხსენია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და განხილვის პროცესშია. ახლა დავის საგანია, რა კონტექსტში გამოიყენა რუბიომ პასუხის გაცემის დროს ორჯერ შეფასება „ანტიამერიკული“. ერთი კვირის წინ პრემიერის მიერ ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსის გათვალისწინებით, რუბიოს გუშინდელი გამოსვლა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა.
არსებობს თუ არა ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივა – არაერთგვაროვანი პროგნოზები თამუნა წიკლაურმა მოისმინა.