მეორე დღეა შეფასებების თემაა მეგობარი აქტის გამკაცრებული სანქციები, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესში ხელახლა წარადგინა.
ჯო უილსონთან ერთად წარმდგენებს შორისაა კონგრესმენი სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვიზი. ჯო უილსონის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიმართულია საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ და ადასტურებს აშშ-ს ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების, კერძოდ, რუსეთის გავლენას. „მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს. ის პირები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში ან ლახავდნენ საქართველოს სუვერენიტეტს დასანქცირდებიან. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი სრულად არის შეთანხმებული წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, ასევე „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური პარტიების“ ლიდერებთან და მოსალოდნელია, რომ მისი დამტკიცება მალე მოხდება.