ჯო უილსონის ახალი ინიციატივა
„მეგობარი აქტის“ ჩავარდნის დაანონსების შემდეგ ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ახალ წინადადებას აინიცირებს.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელმაც ორი დღის წინ ვაშინგტონში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიიღო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში საქართველოს ხელისუფლების არ აღიარებას ითხოვს. „ქართული კოშმარის არაღიარება“ – ასეა ფორმულირებული „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული კანონმდებლის ინიციატივა. დამტკიცდება თუ არა შესწორება აქტში, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტს ადგენს და სახელმწიფო დეპარტამენტის სამოქმედო პოლიტიკას განსაზღვრავს – შესწორების შეტანას რამდენიმე პროცედურა სჭირდება. უილსონის წინადადებას კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რისი პერსპექტივაც „მეგობარი აქტის“ გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით ბუნდოვანია. სწორედ უილსონი იყო ინიციატორი და წარმდგენი წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული და სენატში გაგზავნილი „მეგობარი აქტისაც“, რომელიც, წინა კვირას გაკეთებული განცხადების მიხედვით, კანონად დიდი ალბათობით აღარ იქცევა. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებულ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კავშირში მყოფი კონგრესმენის ახალ წინადადებას ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომლისგანაც ოფიციალური თბილისი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ელოდება – პროგნოზები განსხვავებულია.