მოახლოებული არჩევნების და 4 ოქტომბრის აქციის წინ ოპოზიცია საერთაშორისო დონეზეც აქტიურდება.
შეხვედრები ვაშინგტონსა და ბრიუსელში – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აშშ-ში, „ლელო“ კი ბრიუსელშია. ყოფილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეულ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. როგორც ირკვევა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კონგრესის ქვედა პალატაში უკვე დამტკიცებული და სენატში გაგზავნილი „მეგობარი აქტი“ იყო, რომლის ჩავარდნა ჯერ კიდევ წინა კვირას ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გამოაცხადეს. თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ვაშინგტონში მყოფი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. სწორედ რესპუბლიკელი უილსონია ავტორი და წარმდგენი „მეგობარი აქტის“, სადაც საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზეა საუბარი. თავის მხრივ უილსონი კავშირშია იმ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტად ჰყავს დაქირავებული. ამიტომ ვაშინგტონში გამართული აუდიენციის ფონზე ქართულ პოლიტიკურ წრეებში კიდევ ერთხელ ხდება აქტუალური ამერიკის უცხოელ აგენტთა რეესტრის, იგივე „ფარას“ მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულება. ამ დოკუმენტის მიხედვით კომპანია „ნელსონ მალინსს“ 360 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ ევალება, რომ აშშ-ის მთავრობასთან „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესები დაიცვას და საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ხელი შეუწყოს.