ჯგუფური ძალადობის და ჟურნალისტზე თავდასხმის საქმე

ამ მომენტისთვის მედიაზე თავდასხმების გამო 12 ადამიანია დაკავებული.

ძალადობა და ძალადობრივი მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა – ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვს წაყენებული. 12-დან ოთხს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მათ შორისაა ის მამაკაციც, რომელიც ხუთ ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებისთვის „სკუტერის“ შეჯახებას ცდილობდა. დღეს ის დაჯახების განზრახვას კატეგორიულად უარყოფს და მაღალი სიჩქარით მედიის მიმართულებით გადაადგილებას მუხრუჭების მწყობრიდან გამოსვლით ხსნის. წაყენებულ ბრალს არც დანარჩენები აღიარებენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ოპერატორებისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენებას ედავებიან. ორშაბათს რუსთაველის გამზირზე „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა გამოსვლა მედიაზე ფიზიკური ძალადობით, აგრესიით და დევნით დაიწყო, შედეგად მედია საშუალებების 53 წარმომადგენელი დაშავდა.