ჯგუფური ძალადობის და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

იდენტიფიცირებულია ადამიანი, რომელმაც ხუთ ივლისს რუსთაველის გამზირზე პირველი არხის ოპერატორს თვალის არეში დაზიანებები მიაყენა.

ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ცოტნე ჩიხლაძე კიდევ შვიდ პირთან ერთად მოსამართლე გიზო უბილავას გადაწყვეტილებას ელოდება. რვიდან სამს ჯგუფურ ძალადობას, დევნას და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, სამს კი „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა რვავე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ისევე როგორც ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ შვიდ პირზე, რომლებსაც უკვე შეუფარდეს პატიმრობა. რეზონანსული აღმოჩნდა დღეს დილით ოთხი ბრალდებულის სასამართლო პროცესი, რა დროსაც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ორშაბათს განვითარებული მოვლენები შეაფასა. „სიბნელე, სიველურე, სირცხვილი“, – ეს მოსამართლე რომან ხორავას სიტყვებია.

სასამართლო პროცესები გრძელდება, ამჯერად რვა ადამიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც თეონა ხუბულავა ადევნებს თვალს.