თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა – პოლიციელი, რომელიც საქმეში დაზარალებულადაა მიჩნეული. მოწმე პოლიციელმა გიორგი ზამბახიძემ, სხდომაზე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ და მან თვალის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა კონკრეტულად ვინ ესროლა, არ დაუნახავს. დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმე აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში არ იყო და სასამართლოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდა. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.