ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და ნოემბრის აქციების სხვა მონაწილეების პროცესზე, დაზარალებული პოლიციელი, საბა ნაბახტეველი იკითხება.
როგორც დაზარალებულმა განაცხადა, 28 ნოემბერს, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, აქციის მონაწილეების მხრიდან, სახეში ქვა მოხვდა, რის გამოც დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მისი განმარტებით, სხვა მიმართულებით იყურებოდა და ვინ ესროლა ქვა ვერ დაინახა. მისი თქმით, თავიდან მშვიდი სიტუაცია იყო, დაახლოებით 23 საათიდან კი აქციის მონაწილეები აგრესიულები გახდნენ, ქვების, ბოთლების და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. „გამაჩნია პრეტენზია იმ ადამიანთან, რომელმაც ზიანი მომაყენა და მესროლა ქვა, ბრალდებულებს არ ვიცნობ“, – განაცხადა ნაბახტეველმა. დღესვე ადვოკატებმა, მოსამართლე ნინო გალისტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე თვლის, რომ მოწმეებთან შეკითხვების სრულად დასმის შესაძლებლობას მოსამართლე არ აძლევს.