ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი

ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მიერ წარმოდგენილი სამი მოწმე გამომძიებელი დაკითხეს, მათ შორის საქმის მთავარი გამომძიებელი – არსენ ღუნაშვილი. მისი თქმით, მას სურდა სასამართლო სხდომათა დარბაზში ეჩვენებინა ვიდეომტკიცებულებები, სადაც ბრალდებულების დანაშაული მტკიცდებოდა. ამას პროტესტი მოჰყვა ადვოკატების მხრიდან, მათი თქმით, პროკურატურა ამ ფაქტით მტკიცებულებების შეცვლას ცდილობს და საქმეში ამ ვიდეოს დართვა უნდა, რაც მოსამართლის განმარტებით, არ მოხდება. მოსამართლის თქმით, მოწმეს აქვს უფლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და მან მისცა უფლება მოწმე-გამომიძიებელს ვიდეო დარბაზში ჩაერთო, რასაც ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა. ზვიად ცეცხლაძის თქმით, ვიდეოს ხმის ავთენტურობაში ეჭვი ეპარებათ. აღნიშნული ვიდეო, წინა პროცესზე ბრალდების მხარეს უნდა ეჩვენებინა,  ვიდეომასალა საქმეში წარმოდგენილი ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა, თუმცა პროკურატურის ვიდეო მტკიცებულება სასამართლოში ვერ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მას ხმა არ ჰქონდა. დღესვე სხდომაზე ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები – ლევან ბასილაძე და გიორგი ჯიქია, მათი თქმით, გამოიკვლიეს ვიდეო-მასალა, რაც პირადმა წყარომ მიაწოდა. დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ასევე – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.