ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი დაიკითხა, სადაც მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო გადმოიწერა და დაათვალიერა, რომლის მიხედვითაც მისი თქმით, ბრალდებულები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დესტაბილიზაციის და არეულობის გეგმაზე საუბრობენ. ადვოკატების შეკითხვები ძირითადად ფონოსკოპიურ ექსპერტიზას შეეხო იმის დასადგენად, იყო თუ არა ეს ვიდეო დამონტაჟებული. გამომძიებლის განცხადებით, ვიდეოს ვიზუალურად მონტაჟის კვალს ვერ ამჩნევს. მისი თქმით, ექსპერტთან ამ შეკითხვის დასმა და გადაღების დროის დადგენა საჭიროდ არ მიიჩნია, რასაც ვეფხია კასრაძის მხრიდან ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა. გამომძიებლის თქმით, მხოლოდ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნა იმის დასადგენად, რომ ნამდვილად ბრალდებულები იყვნენ. ადვოკატებს ასევე აინტერესებდათ, რატომ არ მოიძია გამომძიებელმა ვიდეოს ორიგინალი ვერსია, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ სიტყვა „ორიგინალი“ პირობითი და შეფასებითი ცნებაა. პროკურორის განცხადებით, ვიდეოში საეჭვო არაფერი იყო და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ადვოკატები საუბრობდნენ, ამიტომ არ ჩატარდა. დღესვე საქმეში არსებული ზვიად ცეცხლაძის ვიდეო აჩვენეს, რომელიც მოწმის თქმით, დანაშაულებრივ მოწოდებებს შეიცავდა. აღმოჩნდა, რომ ვიდეოს ხმა არ აქვს, რაც ადვოკატების შეფასებით მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
პროცესი 28 ივლისს გაგრძელდება.