ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა დემონსტრანტის პროცესზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა. ბრალდების მოწმის, საქმის ერთ-ერთი გამომძიებლის, კონსტანტინე კერესელიძის განცხადებით, რომელმაც ზვიად ცეცხლაძე დააკავა, ასევე პირადი და ბინის ჩხრეკა ჩაატარა, მინის ბოთლები აღმოაჩინა, სადაც სითხე ესხა, რომელსაც ნავთობპროდუქტების სუნი ჰქონდა. მოწმის თქმით, ბინაში ასევე საღებავები, რაციები და სხვა ნივთებიც იყო. მისი განცხადებით, ინტერნეტში ნახეს ვიდეო, სადაც რევოლუციისკენ და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისკენ იყო მოწოდება. გამომძიებლის განცხადებით, ვიდეოს გაშიფრით ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი დააიდენტიფიცირა, რომელიც სპეცრაზმელების კორდონისკენ ქვას ისროდა. ადვოკატმა მოწმის ჩვენება გააპროტესტა და თქვა, რომ მან კადრში ვერ დაინახა ვერც ქვა და ვერც პოლიცია. სასამართლოზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელსაც მოუსმინეს, რომელმაც თქვა, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეთა მიერ მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალი 139 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება.