თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. დაცვის მხარის თქმით, საქმეში ბრალდებული პირების წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ დევს, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. უფლებადამცველების თქმით, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი დამნაშავედ ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო. მოსამართლემ თითოეულ ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს, გასაჩივრებული აქვს.