ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

18:28, 07.08.2025

ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესზე დღეს დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

ზვიად ცეცხლაძის მეგობარმა, ანა პეტროსიანმა ცეცხლაძის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცეცხლაძე მის საცხოვრებელ სახლში არ დაუკავებიათ და დაკავების რეალური ადგილი  მისი სახლიდან 15 კილომეტრშია. მისივე თქმით, პოლიციელებმა მას ტელეფონი უკანონოდ ჩამოართვეს რათა დაკავების პროცესი არ გადაეღო. პეტროსიანმა ისიც განაცხადა, რომ ცეცხლაძის სახლში ხშირად იმყოფებოდა და იქ მოლოტოვის კოქტეილები და საღებავიანი კვერცხები არ უნახავს. აქციებზე საუბრისას პეტროსიანმა აღნიშნა, რომ ცეცხლაძის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, მისი მეგობარი აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა. მოწმემ სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიაზე და ცეცხლაძის ცემაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ დაშავებული ცეცხლაძე პირადად ნახა. დღესვე დაცვის მხარის კიდევ ერთი მოწმე – აქციის მონაწილე დავით კაკალაშვილი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ფოიერვერკი არა პოლიციელების მიმართულებით, არამედ ჰაერში  გაისროლა. ამასთან  დაცვის რამდენიმე მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა,  რაც იმას ნიშნავს რომ ისინი   აღარ დაიკითხებიან. სასამართლო პროცესი ხვალ, კვლავ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

მსგავსი