ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. ერთ-ერთი მოწმის გრიგოლ ჭანტურიძის თქმით, მან სახის არეში დაზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვის ფილით მიიღო. მისი განმარტებით, მას ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ადვოკატების მიერ დასმულ კითხვებზე, დაინახა თუ არა კონკრეტულად ვინ ესროლა ნივთი მათ, მოწმეებმა განაცხადეს, რომ კონკრეტული პირი არ დაუნახავთ. დღესვე ადვოკატმა, განაცხადა რომ საქმის მასალებში გრიგოლ ჭანტურიძის სამედიცინო დოკუმენტაციიდან ორი ეგზემპლარი მოიპოვებოდა, ერთზე ფიქსირდებოდა ჭანტურიძის ხელმოწერა, მაგრამ დოკუმენტი შევსებული არ იყო, მეორე დოკუმენტი კი შევსებული იყო და მასზე ჭანტურიძის ხელმოწერაც იყო, ახლა კი შეუვსებელი დოკუმენტი საქმის მასალებიდან გამქრალია. ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და მოუწოდებს ამ საკითხით დაინტერესდეს და დოკუმენტებზე ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა დააკმაყოფილოს.