მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 დემონსტრანტის პროცესზე ადვოკატების ნაწილმა დღეს დასკვნითი სიტყვები თქვეს. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ეკა ბესელიამ, 26-პუნქტიანი დასკვნითი სიტყვა წარადგინა, რაშიც ჭიჭინაძის გამამართლებელ გარემოებებს შეეხო. მისი თქმით, არ არსებობს დაზარალებული, რომელიც ჭიჭინაძის მიერ გადაგდებული ჯოხით დაშავდა. ბესელიას განმარტებით, ჭიჭინაძემ ჯოხი ადგილიდან მოაშორა. ვინმეს რომ მოხვედროდა, მისი თქმით, ბრალდება ვიდეოებს ამოიღებდა და დაზარალებულიც იქნებოდა. ადვოკატები უთითებენ, რომ ჯგუფური ძალადობა არ დასტურდება, რადგან ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ და ორგანიზებულები ვერ იქნებოდნენ. როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, მათი ქუჩაში გასვლის ორგანიზატორი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. შემდგომ პროცესზე, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება, დასკვნით სიტყვას დარჩენილი ადვოკატები გააგრძელებენ.