ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა დემონსტრანტის პროცესზე, საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, დავით ქიტიაშვილი დაიკითხა.

როგორც გამომძიებელმა განაცხადა, შსს-ს პრესსამსახურიდან უწყების ოპერატორების მიერ გადაღებული ვიდეომასალა შეისწავლა და ოქმი შეადგინა. მისი განმარტებით, ვიდეოებში სამი ბრალდებული დააიდენტიფიცირა – ქერაშვილი, თეთრაშვილი და მირცხულავა. მოწმის თქმით, კადრებში ჩანს რომ ისინი ფოიერვერკებს და ბლაგვ საგნებს პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ. ადვოკატები მოწმისგან ითხოვდნენ კადრებში ეჩვენებინა პოლიციელები, რომლისკენაც ბრალდებულები საგნებს ისროდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ კადრებში პოლიციელები არ ჩანან. ადვოკატებმა პროკურორი მოწმისთვის პასუხების კარნახში, სასამართლო კი – პროკურატურისადმი მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს. დღესვე კრიმინალური პოლიციის კიდევ სამი თანამშრომელი და მერიის სამსახურის თანამშრომელი დაიკითხა, რომელმაც მუნიციპალიტეტის ზიანზე ისაუბრა რუსთაველზე ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას, თუმცა თქვა, რომ არ იცის ვინ დააზიანა ინფრასტრუქტურა. მოწმე გამომძიებლების ჩვენებებით, ვიდეოები მათაც დაათვალიერეს და ამოიცნეს ბრალდებულთაგან ნაწილი, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა ბრალდებულთა დაიდენტიფიცირების მიზნით ვიდეოებზე ექსპერტიზებია დანიშნული. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი დახურა. სასამართლო პროცესი 13 ივნისს განახლდება.