ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი
ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შეუძლოდ ერთ-ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი გახდა. სასწრაფოს ექიმების დასკვნით, მას მაღალი წნევა ჰქონდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მცირეწლოვანი შვილის სასამართლო სხდომათა დარბაზში დანახვის შემდეგ ინერვიულა და ცუდად გახდა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, პროცესი ადვოკატების დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ბრალდებულთა დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ჯგუფურ ძალადობას დაადასტურებდა და ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი – არ აკავშირებდათ. ამასთან, ადვოკატები დასკვნით სიტყვებში ყურადღებას ამახვილებენ ვიდეო მტკიცებულებებზე, რაც საქმეშია და რაზედაც ექსპერტიზის დასკვნით, მონტაჟის კვალია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებამ მტკიცებულებები გააყალბა და სხვა გარემოში გადაღებული პოლიციელების კადრი, ბრალდებულთა კადრებზე დაამონტაჟა, თითქოს ბრალდებულები სხვადასხვა ნივთებს პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ. მათივე თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ დაზარალებული პოლიციელები ბრალდებულების მიერ დაშავდნენ. ადვოკატების დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან. მოსამართლე განაჩენს პირველ სექტემბერს გამოაცხადებს.