ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის სასამართლო პროცესზე ამ წუთებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ლაშა გელაშვილი იკითხება. მან 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველზე დაზიანებები მიიღო.  მისი ინფორმაციით, ფეხში ქვა მოხვდა, თუმცა, არ იცის ვისგან. მანამდე ბრალდებულებმა, უკრაინის მოქალაქეებმა – რუსლან სივაკოვმა და სერგეი კუხარჩუკმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოდან მიმართეს და მოითხოვეს პროცესზე სატელევიზიო კამერების დასწრება. მოსამართლის განმარტებით, ის ამ  შუამდგომლობაზე ვერ იმსჯელებს. მოწმის დაკითხვა დღეს 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან ადვოკატებმა თარჯიმნის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. დაცვის მხარის ინფორმაციით, თარჯიმანი უკრაინის მოქალაქეებს, ბრალდებულებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც თარჯიმანმა უარყო და თვითაცილება მოითხოვა. საქმეში ახალი თარჯიმანი ჩაერთო.