ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და ჯგუფურ ძალადობაში კიდევ ცხრა ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვის სხდომა დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გახსნა.

თუმცა, როგორც არსებითი განხილვისას მოსამართლემ განაცხადა, საქმე გუშინ დაეწერა, შესაბამისად, საქმის მასალებს არ იცნობს და დღეს მხოლოდ სხდომების თარიღების განსაზღვრაზე იმსჯელებდნენ. ადვოკატებმა განცხადების სახით სამი მოთხოვნა დააფიქსირეს. როგორც დამცველებმა განაცხადეს, ნაწილობრივ დახურული პროცესი სრულად უნდა გაიხსნას და საჯარო იყოს ამ საქმის არსებითი განხილვა. მათივე განმარტებით, წინა სასამართლო სხდომის მოსამართლემ პროცესი ხმაურის გამო ნაწილობრივ დახურა, მხოლოდ ჟურნალისტებს მისცა დასწრების უფლება. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და კიდევ ცხრა ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობაში ედავებიან.