ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი დემონსტრანტის პროცესი, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება. დღეს თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვის. როგორც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, პროკურატურის მთავარი მტკიცებულება – ვიდეოკადრებია, რომლის მიხედვითაც, თითქოს გოშაძე და მიმინოშვილი სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს ესვრიან, გაყალბებულია და ეს სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მიმინოშვილის და გოშაძის კადრს, სხვა სიტუაციაში გადაღებული პოლიციელების კადრები დაამონტაჟა, თითქოს ბრალდებულები ნივთებს მათ ესროდნენ. ადვოკატი გარდა ამ მტკიცებულებისა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების სიყალბეზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის დასკვნით სიტყვაში დასაბუთებული იქნება ბრალდებულების უდანაშაულობა. წინა სხდომაზე პროკურატურამ თქვა დასკვნითი სიტყვა, ბრალდებულთა დანაშაულზე ისაუბრა და გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა. დღესვე დასკვნით სიტყვას ვეფხია კასრაძის ადვოკატი იტყვის.