ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ პირთა სასამართლო

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა დემონსტრანტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იკითხება შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტი, რომელმაც რამდენიმე ვიდეოს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, ვიდეოებზე დაფიქსირებული პირი ბრალდებულ ისლამ ალიევის ფოტოებს შეადარა და მრავალი ნიშნებით, აღნიშნული პირი ისლამ ალიევი აღმოჩნდა. პროცესზე აქციებისას გადაღებული ვიდეოებიც აჩვენეს. პროკურორის თქმით, არაერთხელ ჩანს კადრებში ისლამ ალიევი, რომელიც სხვადასხვა ნივთებს ისვრის. ადვოკატებმა მონტაჟზე და ექსპერტიზის პროცესუალურ დარღვევებზე ისაუბრეს. ადვოკატებმა სატელევიზიო კამერის დაშვების შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ იუსტიციის საბჭოში გადაღების მოთხოვნით განცხადება შეიტანა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ადვოკატებმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იმ ცვლილებებზე მიუთითეს, რომელიც ბოლოს განხორციელდა და ვიდეოგადაღებაზე ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს. ადვოკატმა ასევე ევროკონვენციის მეექვსე მუხლზე მიუთითა, რაც პროცესის გამჭვირვალობას და ღიაობას გულისხმობს. ადვოკატებმა ითხოვეს მოსამართლეს იუსტიციის საბჭოსთვის მიემართა და პასუხი გაერკვია. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაიზიარა. პროკურორის განმარტებით, დარბაზში ასი დამსწრეა და სტენოგრამაც იწერება, რითაც სხდომის საჯაროობა არ ირღვევა. მოსამართლის განცხადებით, პროცესი დახურული არაა და სატელევიზიო კამერის დასწრებაზე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება მისთვის უცნობია.