აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული, სულ მცირე, 16 ფაილი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფოტოები გაქრა, – ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს. მედიის ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ფაილებს შორის იყო ტრამპის ფოტოები ეპშტეინთან, მელანია ტრამპთან და ეპშტეინის დიდი ხნის პარტნიორ გისლენ მაქსველთან ერთად. შეგახსენებთ, 19 დეკემბერს, შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა საქმის მორიგი მასალები გამოაქვეყნა. ფაილები დაახლოებით 300 ათას გვერდს შეადგენს და ეპშტეინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორ გამოძიებას ეხება.