ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად ვიზიტორთა ცენტრის რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული, ორი დამხმარე ნაგებობისთვის საძირკვლის გრუნტის მოწყობისა და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. XX საუკუნეში განხორციელებული არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმში ამ მასშტაბის რეაბილიტაცია აქამდე არ ჩატარებულა. რეაბილიტაციის შედეგად, სრულად რესტავრირდება შენობის ფასადი და შიდა სივრცე; მოეწყობა ახალი სახურავი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიულ კედელს; აღდგება მარანი და მოეწყობა ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი. სახლ-მუზეუმის ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.