საჯაროვდება პირველი ფარული ჩანაწერი ბოლო დღეების რეზონანსულ საქმეზე. ეს არის ფარულად გადაღებული ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ საუბრობს ინგლისურად გიორგი უძილაური მის წინ მჯდომ პირთან – კადრები საცხოვრებელ სახლშია გადაღებული და საუბარია მასალების ერთმანეთთან ფარული არხებით გადაგზავნის გზებზე.
საგამოძიებო უწყება შეხვედრას კონსპირაციულად აცხადებს და ამტკიცებს, რომ მასალა თანხის მიღებას და ხელმოწერის ფაქტს ასახავს. ამ დრომდე არ კონკრეტდება ევროპის ის ქვეყანა, რომლის სასარგებლოდ ჯაშუშობასაც დაკავებულს ედავებიან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურისთვის სისტემატურად მიწოდებული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს ეხებოდა, ინტერესის სფერო იყო ძალოვან და უსაფრთხოების უწყებებში არსებული ვითარება და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე ინფორმაცია. ბოლოს უძილაური ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე ის ამავე პოზიციას „ქართუ ჯგუფში“ იკავებდა.
დაკონკრეტების გარეშე დღეს ევროპის ცალკეული ქვეყნების მისამართით ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრის და სუს-ის ყოფილი უფროსისგან გამაფრთხილებელი გზავნილიც გაისმა.