საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ინთელიჯენს ონლაინი“. გამოცემის თანახმად, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ამ თვეში მოუწია თბილისში მყოფი სამი ოფიცრის უკან გაწვევა. ფრანგული გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მიერ, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირის გადაბირება. გამოცემის თანახმად, აღნიშნულმა შემთხვევამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. გამოცემის წყაროების ცნობით, „საფრანგეთის საგარეო დაზვერვამ დაარწმუნა გიორგი უძილაური, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მის სასარგებლოდ ჯაშუშობაზე. გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისს შეეძლო ოპერაციის წამოწყებისთვის საფრანგეთს დაზვერვის და საფრანგეთის დადანაშაულება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოს მიაწერა, თუმცა, 9 მაისს, უძილაურის დაპატიმრების შესახებ განცხადებიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, მთავრობამ მოულოდნელად დასავლეთის ქვეყნებს უბრძანა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშების გაყვანა და უარის შემთხვევაში მათი ოფიცრების ვინაობის გამხელით დაემუქრა. საფრანგეთის საგარეო დაზვერვამ გამოცემა „ინთელიჯენს ონლაინს“ განუცხადა, რომ მათ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურდათ, თუმცა განაცხადეს, რომ თბილისმა ოფიციალურად არცერთი თანამშრომელი არ გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად. გამოცემის თანახმად, ეს ბოლოდროინდელი მოვლენები დიდი დარტყმაა საფრანგეთის დაზვერვისთვის, რადგან ის ცდილობს, გააძლიეროს თავისი ყოფნა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.