ჯაშუშობის საქმე – აღკვეთის ღონისძიება
დაახლოებით ერთ საათში იმსჯელებს სასამართლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. როგორც ცნობილია, პროკურატურა უძილაურისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია ამის შესახებ უძილაურთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა გაავრცელა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს და „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად ედება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციის გადაცემა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.