ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გასაიდუმლოებულია. სხდომას ბრალდების და დაცვის მხარეები და თავად დაკავებული ბრალდებული დაესწრნენ. ორ ბრალდებულს, რომლებსაც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ, სასამართლოზე ადვოკატი წარმოადგენდა, რომელიც მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. მხარეებს ხელი გაუთქმელობის ვალდებულებაზე აქვთ მოწერილი, შესაბამისად, საქმის დეტალებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესახებ, დამატებითი ინფორმაცია არც დღეს გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას აგროვებდნენ და გადასცემდნენ, მათ შორის იგულისხმება მონაცემები ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ.