ჯარის ბანაკი 2025
პროექტი „ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა. წელს თავდაცვის სამინისტრო სკოლის მოსწავლეებს ბანაკში უკვე მესამედ მასპინძლობს. მიზანი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.
მოზარდები „ჯარის ბანაკში“ დაყოფილნი არიან ოცეულებად, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ეროვნული გმირების – გიორგი ანწუხელიძის, ზაზა დამენიასა და ალექსანდრე ონიანის სახელებს ატარებენ. ყველა ოცეულს აქვს საკუთარი დროშა, მხედრული სიმღერა და განმასხვავებელი ფერის ფორმა. წელს „ჯარის ბანაკი“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების დაახლოებით 1700 მოსწავლეს, ჯამში რვა როტაციას უმასპინძლებს. კოჯორსა და საჩხერეში, თითოეულ 6-დღიან როტაციაში 100-მდე ბავშვი იქნება წარმოდგენილი. გახსნის ცერემონია კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა.