ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი

18:27, 24.09.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათიანი ევაკუაციის შემდეგ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის პროცესზე ბრალდების კიდევ ორი მოწმე დაიკითხა. შსს ს თანამშრომელმა რობიკო გოგიაშვილმა მის მიერ შედგენილ პატაკზე ისაუბრა და განმარტა, რომ
კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ძმებ მიქაძეებს , ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ჯანგველაძეს ინტერესები და დაპირისპირება საქართველოდან რუსეთში სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელების გადაზიდვასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მოწმის განცხადებით, წყარომ ისიც უთხრა რომ ერთ ერთი ბრალდებული გიორგი კაჭკაჭაშვილი ფარცხალაძის და მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო და პოლიციელების მიერ მისი ტელეფონის ამოღებაზე და იქ არსებულ მასალებზე ნერვიულიობდა. როგორც მოწმემ განაცხადა, მკვლელობის შემკვეთებმა მიქაძეებმა გელა უძილაური კვალის არევის მიზნით საბერძნეთშიც გაუშვეს, სადაც ჯანგველაძეებთან დაპირისპირებაში მყოფი პირები ცხოვრობენ. მოწმის განმარტებით, კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია რომ საქმეში კანონიერი ქურდის, „დედჰასანის“ შვილიშვილი, ასლან უსოიანიც ჩაერთო და ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთა  5 მილიონის სანაცვლოდ მოხდა. მოწმის ჩვენებით, უსოიანების ოჯახი „დედჰასანის“ მკვლელობას ჯანგველაძეებს უკავშირებს. პროკურორმა საბანკო ჩარიცხვების დოკუმენტიც წარადგინა რომლის მიხედვითაც მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული თავით მიქაძე სხვადასხვა დროს თანხებს მკვლელობის შესრულებაში ბრალდებულ გელა უძილაურს ურიცხავდა.

მსგავსი