ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ფარცხალაძეს ბრალი წარედგინა

ყოფილ მთავარ პროკურორს დღეიდან ბრალდებულის სტატუსი აქვს. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილად ცხადდება. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ორგანიზატორად გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს.

ექს-მაღალჩინოსანზე საერთაშორისო ძებნა იწყება. გავრცელებული ცნობით, ფარცხალაძე რუსეთში ცხოვრობს, ჯერ უცნობია, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე როდის და როგორ მიმართავენ საქართველოდან შესაბამის უწყებას ექსტრადიციის პროცედურების დასაწყებად. საგამოძიებო უწყება დანაშაულის მოტივად ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებულ უთანხმოებას ასახელებს, ბრალს და დღეს გაჟღერებულ ოფიციალურ ვერსიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარე, რომელსაც საქმის მასალები ჯერ არ მიუღია. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე გასროლით მოკლეს. თავდამსხმელ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მკვლელობის საქმის ფიგურანტებად დასახელდნენ ძმები გიორგი და დავით მიქაძეები და მათი ნდობით აღჭურვილი პირი გიორგი ჯოხაძე. სწორედ ჯოხაძის დაცვაში მუშაობდა წლების წინ მსჯავრდებული უძილაური, რომელმაც თავის დროზე მკვლელობის სრულიად სხვა ვერსია გააჟღერა.

წინასწარ დაორგანიზებული შეკვეთილი მკვლელობა – შალვა სუმბაძე გახმაურებული საქმის ახალი გარემოებებით.