ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ყოფილ მთავარ პროკურორს, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ბრალდების დადგენილება კი – მის ადვოკატს გააცნეს. ფარცხალაძის საქმე გამოხმაურებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში მომხდარს იმის კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძე კრიმინალია და ამბობენ, რომ ასეთები მმართველ გუნდში კიდევ მრავლად არიან. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გახსნისთვის ძალოვან სტრუქტურებს მადლობას უხდის „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ექსტრადირების საკითხი მარტივი არ იქნება, თუმცა ქართული სახელმწიფო კანონის აღსრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა. გამოძიების ცნობით, ფარცხალაძის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს. დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად კი, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. ბიზნესმენის მკვლელობის საქმე ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.