ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

„მზაობას გამოვხატავთ, თუ გიორგი ჯოხაძის მეუღლე თვლის, რომ სასამართლომდე პოლიციის მიცილება სჭირდება და შემდეგ გაცილება, რა თქმა უნდა, ამას უზრუნველვყოფთ“,- ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სასამართლოში დაკითხული თუ დასაკითხი ყველა პირის უსაფრთხოება დაცულია. აღნიშნულით, პროკურორმა ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატის პოზიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მოწმედ დასაკითხმა პირმა სასამართლოში გამოცხადებაზე საფრთხის შიშით თქვა უარი. მოწმე ხვალ დაიკითხება. დღეს პროკურატურის ორი მოწმე, დავით მიქაძის დაცვის წევრი და დავით მიქაძის ნათესავის დაცვის წევრი დაიკითხნენ. მათ ისაუბრეს, რომ მიქაძეს ჯოხაძესთან ნაცნობობა აკავშირებდათ და იცნობდნენ ჯოხაძის დაცვის წევრს, გელა უძილაურსაც. გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზეა მსჯავრდებული სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. პროცესი ხვალ განახლდება.