ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების – მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესზე გამოცხადდა გიორგი მიქაძე. პერიმეტრზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი – დავით მიქაძის დაცვის წევრსა და საშხაპის თანამშრომელს დაკითხავენ. დღევანდელ სხდომაზე ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის ცოლი უნდა დაკითხულიყო. ჯოხაძის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მოწმე თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რის გამოც, მან სასამართლოში მოსვლაზე უარი განაცხადა. ამასთან, დაცვის მხარემ შუამდგომლობა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეც არის, შესაბამისად, ისინი საქმეში უცხოელი ადვოკატის ჩართვას ითხოვდნენ, რომელიც გიორგი მიქაძის მეგობარია. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე რომეო ტყეშელეაშვილმა არ დააკმაყოფილა. როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ ადვოკატმა პროცესში მონაწილეობა მიიღოს, ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.