ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება – შეფასებები
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისთვის, ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდებათ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი. საკითხზე უწყებაში განმარტება გაკეთდა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეს სტატუსის აღდგენა შეეძლება და ამის შემდეგ, მას კვლავ მიეცემა ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის საშუალება. უწყებაში ამბობენ, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და, შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.