ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდება ფარმაცევტულ კომპანიებს

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ კომპანიებს მორიგ ბრალდებებს უყენებს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. განცხადების თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. სამინისტროს განცხადებით, ნათელია, რომ ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმების საფუძველზე ჯანსაღი კონკურენცია იზღუდება. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს. ამასთან, უწყება აცხადებს, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.