ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება

მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, ღარიბებში კი, ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, პანდემია მსოფლიოს საფრთხეს კვლავ უქმნის და სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ვაქცინების სამართლიან დისტრიბუციას უკავშირდება. ამასთან, გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებელყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექმნილ მექანიზმს და პროგრამა „კოვაქსის“ გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, რის გამოც, ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალაქეების აცრა, ზოგან კი, ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ. მისი თქმით, „ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოს ტრილიონობით დოლარით დააზარალებს. გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე დააანონსა ახალი სწრაფი ტესტები, რომლებსაც კოვიდ-19-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ. მისი თქმით, ეს ტესტები სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.

დატოვე კომენტარი