ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში 

გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მონაცემებით დაიწყო ჯანდაცვის მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა.

ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. მთავარი კითხვები ვაქცინაციას და შეკვეთილი დოზების მიღების ვადებს ეხებოდა. თუმცა, ისევ არ სახელდება ზუსტი დრო, თუ როდის შემოვა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი „ფაიზერის“ მილიონი დოზა. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რამდენად მომზადებულია ჰოსპიტალური სექტორი მესამე ტალღისთვის და რა ზომები გატარდა შედარებით სტაბილურ პერიოდში იმისთვის, რომ მეორე ტალღის მძიმე სცენარი არ განმეორდეს. მინისტრი ამ ეტაპზე გამოწვევას მხოლოდ სამედიცინო პერსონალის რაოდენობაში ხედავს, სამედიცინო მომსახურების კუთხით პრობლემებს კი გამორიცხავს. საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს კლინიკებისთვის, ფარმაცევტული კომპანიებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის რამდენიმე ახალი ინიციატივაც დაანონსდა.