ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი

სპეციალისტებისა და კლინიკების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ მომსახურებას და საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე, ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, განსხვავებული იყო. უწყების ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უკვე დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.