ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელსაც ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს, ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მთავრობას უფლება ექნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს გარკვეული შეზღუდვები. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია და სამთავრობო გუნდს, პარლამენტის ნებართვის გარეშე გადაჭარბებულ უფლებებს ანიჭებს.

უმრავლესობის წინადადებას მხარს არ უჭერენ ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. მართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა“ და სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უნდა შევიდეს. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილება და მას მიმდინარე კვირაში საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებენ. კომიტეტზე საკითხის განხილვას დღეს შელაპარაკებაც მოჰყვა.