ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმე  

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმიდან ახალი გარემოებები ხდება ცნობილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგის ცხედრის ნაწილები კონსულის რეზიდენციის ეზოში, ჭაში იპოვეს.

თურქეთის პრეზიდენტი შემზარავი დანაშაულის დამკვეთების ვინაობის დადგენას და ყველა შემსრულებლის დასჯას მოითხოვს. ერდოღანს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ჟურნალისტი სტამბოლში საუდის არაბეთიდან ჩასულმა 15-კაციანმა ჯგუფმა საკონსულოს შენობაში მოკლა. მოტივზე  ოფიციალური პირები ჯერ არ საუბრობენ, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ხაშოგი საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი და „ვაშინგტონ პოსტში“ მათზე კრიტიკულ სტატიებს ხშირად აქვეყნებდა. მოსალოდნელი საფრთხეების გამო თვეების წინ ხაშოგს ქვეყნის დატოვება მოუხდა, ის აშშ-ში ცხოვრობდა და საკუთარ თავს იძულებით დევნილს უწოდებდა.