იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ონიანი აირჩიეს. მოსამართლეთა კონფერენციაზე მყოფმა 253-მა მოსამართლემ თამარ ონიანს დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტმა შალვა კაკაურიძემ კი 20 ხმა მიიღო. კითხვაზე, თუ რა პრობლემებს ხედავს ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და როგორ აპირებს მის მოგვარებას, თამარ ონიანი ამბობს, რომ ამჟამად იუსტიციის საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, დღევანდელმა კენჭისყრებმა დაადასტურა, რომ იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ არის მხარდაჭერილი. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი კი არამოსამართლე წევრებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, არამოსამართლე წევრების ნაწილმა თავდაპირველად თქვა, რომ საბჭოს ახალ წევრად გიორგი ტყავაძეს აირჩევდნენ, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა და წინასწარ გადაწყვეტილებების მიღებას ადგილი არ ჰქონია.