იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილება

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

დღეს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე მსჯელობენ. საქმე ეხება სასამართლო სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, 298 მოსამართლიდან 160 მოსამართლე ქალია, თუმცა, სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ქალი მოსამართლეები არ ინიშნებიან, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

გენდერული თანასწორობის პრობლემაზე საუბრობს ანა დოლიძეც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად დანიშნული წევრი ამბობს, რომ პრობლემას თავმჯდომარეების მოსამართლეების მიერ არჩევა გადაწყვეტს.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის. დაპირისპირება გამოიწვია ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე მსჯელობამ, რა დროსაც ჯანეზაშვილს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.ფაქტმა გააღიზიანა ანა დოლიძე და კოლეგებს მოუწოდა, ჯანეზაშვილისთვის აზრის დასრულების საშუალება მიეცათ.

დღესვე ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საბჭოს წევრები იმსჯელებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა დატვირთულობაა.

სხდომაზე სულ 7 საკითხი განიხილება.