იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში – მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.