იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს პასუხობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრების მოსაზრება მოვლენათა დამახინჯებული ინტერპრეტაციაა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ყოვლად უსაფუძვლოა.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხს წინ უძღოდა არამოსამართლე წევრების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა.