იუსტიციის სამინისტრო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიდეოს ასაჯაროებს
პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით ვიდეომასალასა და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ბრალდებულ ი.გ.-სთან დაკავშირებით ვიდეომასალათა ციკლს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის მიმართ ზეწოლის ან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გვსურს აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის. გამოძიებას აწარმოებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო. გამოძიების შედეგები საზოგადოებას ეცნობება. კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბრალდებულის ი.გ-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს. “ – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.