იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება

ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები – ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი – ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებულ ცნობილ განცხადებებს სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ. თუმცა, ჩხიკვაძესთან შედარებით არანაკლებ სკანდალურ განცხადებებს აკეთებენ თავადაც. იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, ამერიკაში ქართველი მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის დროს ამერიკის საელჩო შერჩევით დამოკიდებულებას ავლენდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ იგნორირებას ახდენდა. წერილის ავტორები ამბობენ, რომ საელჩოს მხრიდან ანალოგიური მიდგომა იყო ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარებსა თუ სხვა ღონისძიებებზე მისაწვევი მოსამართლეების შერჩევის დროსაც. იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები საელჩოს ე.წ. ფავორიტ მოსამართლეებზე მიუთითებენ.