იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი

31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

ირკვევა, რომ სამი დღის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი წევრი აირჩია. მძიმეა საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებიც. ევროკავშირის ელჩი მმართველ გუნდს ყველა პარტიის ჩართულობით რეფორმებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ახსენებს. არჩევნების მეორე დღეს მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას ნაჩქარევ და არაგამჭვირვალე პროცესად მიიჩნევს ამერიკის საელჩოც, რომელიც ახალი წევრების შერჩევის დროს კონკურსის აუცილებლობაზე მიუთითებს. მძიმე საერთაშორისო შეფასებების ფონზე ოპოზიციის ნაწილი მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი პარლამენტში მართლმსაჯულების მასშტაბურ რეფორმაზე მუშაობის დაწყებას ითხოვს. მმართველი გუნდი კი ისევ ამტკიცებს, რომ პოლიტიკა და სასამართლო სისტემა ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია.