იუსტიციის საბჭოს სხდომა

ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული კანონის მიღების შემდეგ ყურადღება პარლამენტიდან იუსტიციის საბჭოსკენ ინაცვლებს. საბჭომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, შემდეგ კი შერჩეული კანდიდატები დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა, ვინ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და იქნებიან თუ არა მათ შორის ის მოსამართლეებიც, რომლებიც დეკემბრის ბოლოს შედგენილ ცნობილ 10-კაციან სიაში ფიგურირებდნენ.

ირკვევა, რომ სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიისთვის, შესაძლოა, ისევ იბრძოლონ იმ პირებმა, რომელთა გამო პარლამენტმა ოთხი თვის წინ კანდიდატების სია უკან გაიწვია.

კონკურსს იუსტიციის საბჭო, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს. მანამდე კი საბჭომ განაცხადების წარდგენის ფორმაზე იმსჯელა, სხდომამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.